ბავშვთა ტრავმატიზმის პრევენცია

ხშირად, მოზარდები ბავშვის ტრავმებს განიხილავენ, როგორც გაუთვალისწინებელ უბედურ შემთხვევას, რაშიც არავინ არის დამნაშავე. ეს მოსაზრება მოსახერხებელია და როგორც ჩანს, ამართლებს უფროსებს, ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან. მაგრამ, არც მთლად ასეა ყველაფერი.
ბავშვთა დაზიანებების უმეტესობა ხდება სახლში და ბევრი მათგანის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია.
- დამწვრობა – ცხელი საკვებით, მდუღარე წყლით, ორთქლით, ელექტრო მოწყობილობებით და სხვა; მათ შორის ორთქლით დამწვრობა ყველაზე გავრცელებული დაზიანებებია ბავშვებში. დამწვრობის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მოარიდებთ ბავშვებს ღუმელებს, ცხელ საკვებს და უთოებს, ღია ცეცხლს, სანთელს. თუ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახავთ ადვილად აალებად სითხეებს (ბენზინი, ნავთი), ასევე ასანთს, სანთებელას და ა.შ.
- ვარდნა – საწოლიდან, ფანჯრიდან, მაგიდიდან, საფეხურებიდან. დაცემა არის სისხლჩაქცევების, ძვლების მოტეხილობისა და თავის სერიოზული დაზიანებების ხშირი მიზეზი. მათი პრევენცია შესაძლებელია: თუ დაამონტაჟებთ სახელურებს საფეხურებზე, დამცავებს – ფანჯრებზე და აივნებზე; თუ არ დატოვებთ ფანჯრებს ღიას; თუ არ გამოიყენებთ მწერების ბადეებს ფანჯრის დამცავების გარეშე; თუ არ დატოვებთ ბავშვს უყურადღებოდ მინის კარებთან თამაშისას; თუ არ დატოვებთ სკამს ფანჯრების მახლობლად, რათა ბავშვი არ ავიდეს ფანჯრის რაფაზე; თუ არ ახტუნაებთ საწოლებზე, სკამიდან სკამზე, ფანჯრებთან მდებარე სხვა ავეჯზე თქვენი მეთვალყურეობის გარეშე. კარგია, თუ დააინსტალირებთ ფანჯრის საკეტებს ისე, რომ ვერ შეძლოს ბავშვმა ფანჯრის დამოუკიდებლად გახსნა.
- ჭრილობები – გატეხილი მინა შეიძლება გახდეს ჭრილობების, სისხლის დაკარგვის და ინფექციის მიზეზი. შუშის ბოთლები, ბასრი იარაღები (დანა, მაკრატელი და სხვა) უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მცირეწლოვან ბავშვებს უნდა ასწავლოთ, არ შეეხონ გატეხილ მინას, არ ითამაშონ დანებით, ბრიტვით, მაკრატლით.
- მოხრჩობა მცირე საგნებისგან (მონეტები, ღილები, მარცვლეული და ა.შ.) – მცირეწლოვან ბავშვებს არ მისცეთ საკვები წვრილი ძვლებით ან თესლით. მიეცით ბავშვს დაქუცმაცებული საკვები. ხველა, ქოშნი, სუნთქვის გაძნელება – მოხრჩობის ნიშნებია. ასეთ დროს ბავშვის სასუნთქ გზებში პატარა საგნების მოხვედრის შესაძლებლობა არ არის გამორიცხული. ასეთ შემთხვევაში უნდა იცოდეთ პირველადი დახმარების ელემენტარული წესები;
- მოწამვლა – ტოქსიკური ნივთიერებებით, მედიკამენტებით, მათეთრებელით, მჟავებით, საწვავით, მღრღნელების და მწერების შხამით, მჟავებით, ტუტეებით, და სხვა. ეს ნივთიერებები არასოდეს უნდა ინახებოდეს საკვების ბოთლებში, არამედ თავდახურულ, ეტიკეტირებულ კონტეინერებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება, სიბრმავე და სიკვდილიც კი. ბავშვს მედიკამენტები უნდა მიეცეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი. ყველა ზემოთჩამოთვლილი საშუალება უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- ელექტრო შოკი – ბავშვები შეიძლება სერიოზულად დაზიანდნენ თითების ან სხვა საგნების ელექტროგანყოფილებებში ან ელექტროხელსაწყოებში ჩადებით; ასეთი ადგილები და საგნები უნდა დაიფაროს/დაიმალოს სპეციალური დამცავებით ტრავმის თავიდან აცილების მიზნით.
მოზრდილები ვალდებულნი არიან, თავიდან ააცილონ ბავშვებს შესაძლო რისკები და დაიცვან მისგან.
იყავით ყურადღებით!