დაზიანებული სარძევე კბილები: მიზეზები

სარძევე კბილების მინანქარმა შეიძლება დაიწყოს დაზიანება პირველი კბილების ამოსვლისთანავე ან ცოტა მოგვიანებით. “გაფუჭებული” წინა კბილები მაშინვე ჩანს, თუმცა შესაძლებელია მინანქრის დაზიანება უკანა კბილებიდან დაიწყოს, რაც ართულებს დროულ გამოვლენას. რაც უფრო მეტად მიშვებულია პროცესი, მით უფრო სერიოზულად ზიანდება სარძევე კბილები.
“ცუდი” სარძევე კბილების ნიშანი შეიძლება მშობელმაც შეატყოს: ბზინვარების ნაკლებობა, ყვითელი ელფერი და მინანქრის არათანაბარი სტრუქტურა, კბილების ზედაპირზე თეთრი მქრქალი ლაქების გამოჩენა, ცუდი სუნი პირიდან, ტკივილი ჭამის დროს და კბილების გახეხვისას.
იმის გამო, რომ სარძევე კბილების მინანქარი თხელი და სუსტია, დაზიანების პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს და 1-2 თვეში კბილი შეიძლება მთლიანად დაიშალოს.
სარძევე კბილების დაზიანების მიზეზი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობამ, დედის ქრონიკული, ინფექციური და ვირუსული დაავადებები, ცუდი ჩვევები, გენეტიკური განწყობები და რიგი სხვა ფაქტორები. თუ ერთ-ერთ მშობელს ჰქონდა კბილებთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ ბავშვებში “ცუდი” კბილების ალბათობა გაცილებით მაღალია.
თუ ბავშვს ჰქონდა ჯანსაღი კბილები, რომლებიც შემდგომში გაუარესდა, პროვოცირების ფაქტორები შეიძლება იყოს: პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ხშირი სტომატიტები, ტკბილეულის ხშირი მიღება, ენდოკრინული დარღვევები, გრძელვადიანი მკურნალობა ანტიბიოტიკებით და სხვა პრეპარატებით.
გამომდინარე იქიდან, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვს ძნელია გაუწიო პროფესიონალური სტომატოლოგიური კონსულტაცია, მკურნალობა იწყება იმ სტადიაზე, როდესაც კბილი უკვე ძლიერ არის დაზიანებულია.
პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან შესაძლებელია 1 წლის შემდეგაც. თუ სპეციალისტი აღმოაჩენს „ცუდი“ კბილების ნიშნებს, მაშინ ტარდება პრევენციული ღონისძიებები პათოლოგიური პროცესის შესაჩერებლად.
შესაძლებელია თუ არა „ცუდი“ კბილების განკურნება?
მართალია, ზოგიერთი პათოლოგიის მკურნალობა შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე სტომატოლოგია გვთავაზობს დაავადების შეჩერების, კბილების დაცვისა და აღდგენის ეფექტურ მეთოდებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დროულად დაუკავშირდეთ სპეციალისტს. თუ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ კარიესზე, რომელიც ასევე საშიშია, მაშინ მკურნალობა ტარდება კლასიკური სქემით, დაავადების სტადიის შესაბამისად.
მკურნალობის მეთოდები:
- მინანქრის რემინერალიზაცია -ბავშვის კბილებზე დაიტანება მინერალებით მდიდარი სპეციალური კომპოზიციები. ეს მეთოდი იძლევა საშუალებას, შეიქმნას დამატებითი დამცავი ფენა და „დაიბლოკოს“ კარიესის გავრცელება საწყის ეტაპზე. რემინერალიზატორები შეიცავს ფტორს და ფოსფორს;
- ვერცხლის შემცველი პრეპარატების გამოყენება – ეს მეთოდი გამოიყენება კარიესის გავრცელებისა და რიგი სხვა პათოლოგიების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც ანადგურებენ სარძევე კბილების მინანქარს. ვერცხლის უპირატესობა ის არის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ერთ წლამდეც. მაგრამ ტექნიკას აქვს მნიშვნელოვანი ნაკლი – კომპოზიციის გამოყენების შემდეგ, მინანქარი შავდება;
- პრეპარირება და დაბჟენა – კარიესის მკურნალობა 2-3 წლიდან შეიძლება განხორციელდეს კლასიკური მეთოდებით: კბილის დაზიანებული ქსოვილის ბურღით მოცილებით და დაბჟენით.
- სარძევე კბილების აღდგენა – თანამედროვე სტომატოლოგიის მეთოდი, როცა შესაძლებელია დაიმალოს “ცუდი” კბილები სპეციალური საბავშვო გვირგვინებით, აღმოიფხვრას ესთეტიკური დეფექტი და ამავდროულად დაიცვსს დაზიანებული კბილი. ეს მეთოდი რეკომენდებულია მაშინ, როცა პროცესის შეჩერება უკიდურესად რთულია;
- ექსტრაქცია – უკიდურესი გამოსავალია, როცა „ცუდი“ კბილების შენარჩუნებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი ან მიმდებარე კბილების დაზიანება და ინფექციის გავრცელება.
ამ პროცესების თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია პრევენცია, რომელიც ყოველთვის არ იძლევა 100%-იან შედეგს, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებს მცირეწლოვან ბავშვებში სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. სტომატოლოგები გირჩევენ, მათზე ზრუნვა ჩასახვამდე ან ორსულობის პირველი თვეებიდანვე დაიწყოთ. მომავალ დედას სჭირდება: ვიტამინების კომპლექსი (განსაკუთრებით რკინა და კალციუმი), საკუთარი კბილების მკურნალობა, ინფექციური და ვირუსული დაავადებების განკურნება, ცუდი ჩვევების (მოწევა, ალკოჰოლი და სხვა) აღმოფხვრა.
ბავშვის კბილების მოვლა აუცილებელია დაბადების მომენტიდან:
პირის ღრუს ჰიგიენა პირველი სარძევე კბილის გამოჩენისთანავე, ბავშვის საკვებში კალციუმის და ფოსფორის შემცველობა, 3 წლამდე ტკბილეულის სრულიად გამორიცხვა ან მინიმუმამდე დაყვანა, 1 წლიდან 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი.
თუ ბავშვთან შენიშნეთ კარიესის ნიშნები, ნუ გადადებთ სპეციალისტთან ვიზიტს. თანამედროვე პროფესიონალური დახმარება თქვენი შვილის ჯანსაღი და ლამაზი კბილების გარანტიაა.