fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ზაფხული ბავშვებთან ერთად: უსაფრთხოების 10 წესი

ზაფხული ბავშვებთან ერთად: უსაფრთხოების 10 წესი-მშობელი

წინ თუ ცხელი ზაფხული და არდადეგებია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი შვილები დროის უმეტეს ნაწილს გარეთ გაატარებენ. იმისთვის, რომ დასვენებამ სასიამოვნო შთაბეჭდილებები და მოგონებები დატოვოს, წინასწარ უნდა იფიქროთ თქვენი შვილების უსაფრთხოებაზე და ხშირ-ხშირად შეახსენოთ მათ ამის შესახებ:

  • ყველაფერი, რაც კარგად გამოიყურება, არ არის საკვები – თუ ბაღი გაქვთ, ეცადეთ, რომ მასში შხამიანი არაფერი იზრდებოდეს. ბავშვებს შეიძლება უბრალოდ დაავიწყდეთ ან არ იცოდნენ, რომ ნარინჯისფერ-წითელი ლამაზი კენკრა შხამიანია. ამიტომ, უმჯობესია, თუ საერთოდ არ იქნება ასეთი მცენარე აგარაკზე. ნებისმიერ შემთხვევაში, დაამყარეთ მკაცრი წესები: არ ჩაიდოს ბავშვმა პირში არაფერი უცხო!
  • ფრთხილად, მწერები! – ზაფხულში შეგიძლიათ ვიზუალურად გააცნოთ ბავშვებს ფლორა და ფაუნა. ესაუბრეთ განსაკუთრებით მწერებზე: რატომ არ უნდა იქნიონ ხელები, თუ მახლობლად კრაზანა დაფრინავს;  რატომ არ უნდა გამოიყენონ მძაფრი სურნელის მქონე საპნები ან საბავშვო კოსმეტიკა, რომ არ მიიზიდონ მწერები; რა უნდა გააკეთონ, თუ ფუტკარმა დაკბინა და ა.შ. საშიში მწერებისგან თავის დასაცავად შეარჩიეთ ბავშვებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი ინგრედიენტებით რეპელენტი და თავადაც წაისვით ინსტრუქციის მიხედვით.
  • დაიცავით თავი მზისგან – ბავშვს გარკვევით აუხსენით მზისგან დამცავი საშუალების და მათი გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რომ კრემის გამოყენების მიუხედავად აუცილებელია ქუდის  და ქოლგის ხმარება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ კანის უმნიშვნელო სიმხურვალისთანავე უნდა გადავიდეს ჩრდილში, რათა თავიდან აირიდოს მზის დარტყმა ან/და დამწვრობა.
  • ბანაობა ზრდასრულების მეთვალყურეობის ქვეშ – კარგი ცურვის ან სპეციალური დამცავი ჟილეტის მიუხედავად, ბავშვმა უნდა იცურაოს მოზრდილთა მეთვალყურეობის ქვეშ ცურვისთვის სპეციალურად გამოყოფილ, არაღრმა ზონაში.
  • ატარეთ დამცავი აღჭურვილობა – ველოსიპედით, ლილვაკებით ან სკეიტბორდით  მოძრაობის დროს აუცილებლად უნდა გამოიყენონ ჩაფხუტები და სხვა სახის დამცავი საშუალებები, რათა თავიდან აიცილონ ტრავმები.
  • აირჩიეთ უსაფრთხო სათამაშო ადგილები – სანამ ბავშვს საქანელაზე დააჯენთ, დარწმუნდით, რომ საკინძები მტკიცეა და სავარძელი უსაფრთხო, ნაპრალების და ლურსმნების გარეშე. პარკებში ატრაქციონები უნდა შეირჩეს ასაკის შესაბამისად, ღვედის გამოყენებით. ბატუტზე ხტუნვისას არ დაუშვათ რამდენიმე ბავშვის ერთდროულად შესვლა. ლითონის სასრიალოზე ჩამოსრიალებამდე დარწმუნდით, რომ ზედაპირი არ არის ცხელი.
  • დააბანინეთ ხელები ხშირად – ზაფხულში ბავშვებს უფრო ხშირად უნდა შეახსენოთ ჰიგიენის მარტივი წესების დაცვა, სველი ხელსახოცების გამოყენება. ყურადღებით აკონტროლეთ მალფუჭებადი საკვები და არ შეინახოთ ისინი ოთახის ტემპერატურაზე.
  • ჩააცვით ამინდის შესაბამისად – ცხელ ამინდში – ნატურალური ქსოვილის ღია ფერის ტანსაცმელი, ტყეში გასვლისას – გრძელმკლავიანი ზედა, გრძელი შარვალი და დახურული ფეხსაცმელი მწერებისგან თავდაცვის მიზნით. მაისურებზე და კაბებზე ლენტები, სვიტერებში და ქუდებში ძაფები – ტანსაცმლის საშიშ ელემენტებად ითვლება, რადგან ისინი შეიძლება გამოედოს საათამაშო მოედნებზე სხვადასხვა  მოწყობილობებს და სხვადასხვა დაზიანებები მიიღონ.
  • ჭექა-ქუხილის და ელვის დროს იპოვონ უსაფრთხო თავშესაფარი – მაშინაც კი, თუ ბავშვს არ ეშინია ჭექაქუხილის და ელვის, ნათლად უნდა აუხსნათ, თუ რა საფრთხეს უქმნის ელვა ადამიანებს ღია სივრცეში და რატომ არის საჭირო, ცუდი ამინდის გადავლას დაელოდონ შენობაში, ფანჯრებიდან და კარებიდან მოშორებით.
  • დალიონ საკმარისი წყალი – გამოუყავით ბავშვს საკუთარი ზურგჩანთა, ჩაუდეთ მასში წყლის ბოთლი. აქტიური თამაშების დროს საჭიროა წყლის დალევა ყოველ 15-20 წუთში, განსაკუთრებით ცხელ დღეებში, ასევე წყლის შესხურება სხეულზე.

ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით თქვენი შვილები შეძლებენ დაისვენონ და გაატარონ ყველაზე აქტიური მზიანი პერიოდი უსაფრთხოდ და კარგი შთაბეჭდილებებით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *