თვალების, ყურების და ცხვირის ტუალეტი დაბანის შემდეგ

ჩვილის ბანაობის შემდეგ აუცილებელი პროცედურებია ჩასატარებელი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ:
თვალების ტუალეტი – თვალი უნდა დაამუშაოთ გარე კიდიდან შიგნით, ცხვირისკენ, ნაზი მოძრაობებით. თითოეული თვალისთვის ცალკე ბამბის ტამპონით. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის თვალებს, თუ კუთხეებში თეთრი ან მოყვითალი ნადები შენიშნეთ და ბავშვს ქუთუთოები ეწეპება, მაშინ ეს არის მიზეზი თვალების უფრო საფუძვლიანი მოვლის. პატარა კონტეინერში ჩაასხით თბილი გადადუღებული წყალი და რამდენიმე ბამბის ტამპონით დაუმუშავეთ თვალები იგივენაირად, გარედან შიგნით, თითოეული თვალისთვის ცალკე ტამპონით და თითოეულ თვალზე რამოდენიმე პროცედურა. ამ გზით თავიდან აიცილებთ ინფექციის გავრცელებას;
ცხვირის ტუალეტი – დედა არის პასუხისმგებელი, ბავშვის ცხვირი სუფთად შეინარჩუნოს. თუ ცხვირის არხები იკეტება, ბავშვს სუნთქვა უჭირს, ის ხდება მოუსვენარი და გაღიზიანებული, ხელს უშლის ძუძუთი კვებას. ჩვეულებრივ, ბავშვი ამ პრობლემას ხშირი ცემინებით უმკლავდება. მაგრამ, თუ ეს ვერ ხერხდება, საჭიროა ცხვირის ტუალეტი.
ამ მანიპულაციამდე აუცილებელია, ცხვირის ღრუ დატენიანდეს Aquamaris-ით, ფიზიოლოგიური ხსნარით ან გადადუღებული თბილი წყლით. შეგიძლიათ ბამბისგან თავად მოამზადოთ ფთილები, დაასველოთ ისინი ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ხსნარში და ბრუნვითი მოძრაობებით გაწმინდოთ ცხვირის გასავლები სათითაოდ 1,5–2 სმ სიღრმეზე, შემდეგ გამოიღეთ თამპონი და გადააგდეთ. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე თითო ნესტოში, სანამ ფთილები სუფთა არ გამოვა. ყოველ ჯერზე გამოიყენეთ ახალი ფთილა. მაშინაც კი, თუ თქვენ ვერ შეძლებთ ცხვირის სწორად გაწმენდას, ამ მანიპულაციით ბავშვს აცემინებს და ცხვირი თავად იწმინდება. ცხვირის ხშირი ტუალეტი ახალშობილებში არ არის რეკომენდირებული. ეს პროცედურა საჭიროა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ბავშვი ავად არის, ყოველგვარი პირადი ინიციატივის გარეშე უნდა მიმართოთ პედიატრს!
პრევენციისთვის განახორციელეთ შენობის ყოველდღიური სველი წმენდა. იმისათვის, რომ თქვენი ბავშვის ცხვირში ლორწო არ გამოშრეს და იქ ქერქი არ წარმოიქმნას, ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 19-22°C და ტენიანობა – 60%;
ყურების ტუალეტი – ახალშობილებში ყურის არხები არ იწმინდება, მუშავდება მხოლოდ ნიჟარები. თქვენ უნდა გაუწმინდოთ გარე სასმენი არხი გოგირდისგან არა უმეტეს ერთხელ ან ორჯერ კვირაში. გამოიყენეთ ბამბიანი ჩხირები სპეციალურად ახალშობილებისთვის. არ შეიძლება ყურის ჩხირების გამოყენება დაცვის გარეშე, რადგან ამან შეიძლება ახალშობილის ყურის ბარაბანი დააზიანოს. ნაზად იმოქმედეთ. ასევე ყურადღება მიაქციეთ კანს ყურების უკან, სადაც ბავშვებს ხშირად უვითარდებათ ქერქები, რომლებიც აუცილებელია მოაშოროთ სპეციალური საბავშო ზეთით დატენიანების შემდეგ, ფრთხილად.
პირის ღრუს მოვლა – არ საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას, თუ ლორწოვანზე ნადები (რძიანა) არ არის. პირის ღრუს ლორწოვანი ახალშობილებში ძალიან დაუცველია, ამიტომ იმოქმედეთ ფრთხილად. რძიანების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ პედიატრს, რომელიც გირჩევთ, როგორ და რა საშუალებით უნდა დაამუშავოთ ბავშვის პირის ღრუ.
თავის ქალას და თმის ტუალეტი – ახალშობილს თავის კანზე შეიძლება გაუჩნდეს ყვითელი ფუფხები/ქერცლები. ნუ ეცდებით მათ აცლას მექანიკურად. დაბანამდე ერთი საათით ადრე დაატენიანეთ ეს მიდამოები სპეციალური საბავშვო ზეთით, დაახურეთ ქუდი. ბანაობის დროს ისინი თვითონ მოცილდება. თუ ფუფხის ნაწილი მაინც დარჩა, ფრთხილად ჩამოიშორეთ ისინი საბავშვო სავარცხელით. თუ ქერქები მცირეა, ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ, მაგრამ თუ ის ბევრია, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა ეს იყოს სებორეული დერმატიტი და ამას სპეციალური მოვლა სჭირდება.
ფრჩხილების მოჭრა – ბავშვმა შეიძლება ფრჩხილებით დაიზიანოს სახის კანი. პირველ დღეებში ჩამოაცვით მას ხელებზე ბამბის თათმანები. მაგრამ მერე აუცილებელია ფრჩხილების დაჭრა. რეკომენდირებულია ეს გააკეთოთ მხოლოდ ბავშვის სამშობიაროდან გაწერის და საპნიანი აბაზანის შემდეგ. გამოიყენეთ მხოლოდ საბავშვო მაკრატელი მომრგვალებული ბოლოებით. უკეთესია, თუ ბავშვს ფრჩხილებს დააჭრით, სანამ ძინავს. ფრჩხილები უნდა დატოვოთ მომრგვალებული, ხოლო ფეხებზე – სწორი ფორმით.
ჭიპლარის მოვლა – სამშობიაროში, ბავშვის ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ რჩება ჭიპლარის ნარჩენი (ღერო), რომელსაც ადგილზე ამუშავებს სამედიცინო პერსონალი. სახლში გამოწერის შემდეგ საჭიროა განსაკუთრებული მეთვალყურეობა, რომ ის არ გახდეს ინფექციის წყარო. დამუშავება ხდება დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს ბანაობის შემდეგ) 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით ან ქლორჰექსიდინის სპირტიანი ხსნარით (ქლოროფილიპტი). რამდენიმე დღეში ჭიპლარის დარჩენილი ნაწილი ჩამოვარდება და დარჩება მოყვითალო-ყავისფერი ქერქები, რომელსაც ასევე მოვლა სჭირდება მის სრულ მოშუშებამდე.
საბავშვო კოსმეტიკური საშუალებები შეირჩევა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, ბავშვის კანის ტიპის გათვალისწინებით.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ ყველა ჰიგიენური წესი, რაც თქვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტიაა!