fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

მზისგან დამცავი კრემის დროა

მზისგან დამცავი კრემის დროა-მშობელი

ბავშვების მზისგან დამცავი საშუალებებიდან ხელმისაწვდომია კრემი, სპრეი, გელი, მუსი ან კოსმეტიკური რძე.

კრემები განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი, აქერცვლისკენ მიდრეკილი კანის მქონე ბავშვებისთვის, ის კვებავს და ატენიანებს.

ქაფი, მუსი, გელი ან რძე, კრემთან შედარებით უფრო თხევადი კონსისტენციის გამო, თანაბრად ნაწილდება კანზე, უფრო სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს კანზე წებოვნების შეგრძნებას.

მზისგან დამცავი სპრეი ყველაზე მოსახერხებელი და ეკონომიურია, თანაბრად ნაწილდება თხელ ფენად. ძალიან კარგია, თუ სპრეის აქვს ფერის ინდიკატორი. ასეთი სპრეი კანზე დატანისას იღებს გარკვეულ ფერს,, რაც თანაბრად გადანაწილების საშუალებას იძლევა კანის ცალკეული უბნების გამოტოვების გარეშე და ბავშვისთვის საინტერესო თამაშადაც იქცევა ხოლმე. აბსორბციის შემდეგ პროდუქტი მთლიანად უფერულდება.

მზისგან დამცავი ფანქრები და პომადა საშუალებას გაძლევთ დაიცვათ სახის ყველაზე მგრძნობიარე ადგილები, როგორიცაა ტუჩები, ცხვირი და ყურები. მაგალითად, ტუჩები სრულიად დაუცველია, რადგან ის საერთოდ არ წარმოქმნის მელანინს. ცხვირი და ყურები სახის ყველაზე წაწვეტებული ნაწილებია, ამიტომ მთავარი „დარტყმა“ მათზე მოდის.

მზისგან დამცავი საშუალებების უმეტესობა განკუთვნილია სამ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ პერიოდამდე ბავშვისთვის პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედება სასურველი არ არის.  

თუ შეფუთვაზე არ არის მითითებული, რა ასაკში შეიძლება მისი გამოყენება, მაშინ ნაგულისხმევად ითვლება, რომ ის არის გათვილილი სამ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

ხუთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული „ოჯახური“ მზისგან დამცავი საშუალებები, თუ ისინი არ შეიცავს არომატულ ან კოსმეტიკურ დანამატებს.

მზისგან დამცავი კრემის ეფექტურობა განისაზღვრება ინდიკატორით – “მზისგან დამცავი ფაქტორი” (Sun Protection Factor), იგივე SPF. რაც უფრო მაღალია მისი მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია პროდუქტის დაცვის ხარისხი. როგორც წესი, SPF მნიშვნელობები მერყეობს 2-დან 100-მდე.

უმჯობესია, რომ ბავშვთა მზისგან დამცავ საშუალებას SPF ჰქონდეს მაღალი.

გამოთვლა, თუ რა დროის განმავლობაში შეიძლება ბავშვის აქტიურ მზეზე ყოფნა შესაბამისი დამცავი საშუალების გამოყენების შემდეგ, მარტივია:

დამცავის გარეშე და უსაფრთხოდ ბავშვი აქტიურ მზეზე შეიძლება იყოს არაუმეტეს 5 წუთისა.

თუ გამოიყენებთ მზისგან დამცავ საშუალებას, შეფუთვაზე მითითებული SPF-მაჩვენებელი უნდა გავამრავლოთ ხუთზე. ეს არის ის დრო, რომლის განმავლობაშიც შეგიძლიათ ბავშვი გააჩეროთ პირდაპირი მზის სხივების ქვეშ. მაგ.: თუ SPF არის 30, მაშინ მისი დაცვით ბავშვს შეუძლია მზის აბაზანების მიღება არაუმეტეს 150 წუთისა (2 საათი და 30 წუთი). მზეზე უსაფრთხო ზემოქმედების დრო გამოითვლება კრემის პირველად წასმის მომენტიდან. ანუ, თუ 15 წუთის შემდეგ კვლავ წაუსვით პროდუქტი, დრო არ იზრდება.

SPF 50-ზე მეტი ფაქტორის მქონე საშუალებები საბავშვო კოსმეტიკაში საერთოდ არ გამოიყენება ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, ასეთ კრემებში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და მეორეც, ასე ხანგრძლივად ყოფნა მზის აქტიურ შუქზე კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვისთვის.

ზაფხულში, ქალაქში სეირნობისას, შეგიძლიათ შეარჩიეთ პროდუქტი SPF 15–20 ერთეულით.  ქალაქგარეთ ექსკურსიაზე ან აუზზე – SPF 20-25 ერთეულით, ხოლო ზღვის/მთის კურორტზე დასვენების შემთხვევაში – SPF 25-40 ერთეულით.

ზოგადი რეკომენდაციების გარდა მნიშვნელოვანია ბავშვის კანის ტიპის გათვალისწინება. ქერა ჩვილების კანი უფრო დაუცველია, ვიდრე მათი შავგვრემანი თანატოლებისა. შესაბამისად, მათი მზისგან დამცავი ფაქტორი 5-10 ერთეულით მეტი უნდა იყოს.

გამოიყენეთ პრაქტიკაში სპეციალისტების სასარგებლო რჩევები!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *