მზისგან დამწვრობა

მზის დამწვრობა ხდება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების შედეგად, როდესაც კანის დამცავი მექანიზმები ვერ უმკლავდება ულტრაიისფერი გამოსხივების მიღებულ დოზას და ზიანდება კანის ღრმა შრეები. განსაკუთრებით ადვილად იწვება ყურები, ცხვირის წვერი, სახე, მხრები და გულმკერდი.
ქერა და ღია კანის ფერის მქონე ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან მზის დამწვრობის მიმართ. კიდევ ერთი რისკ-ფაქტორი არის ხანგრძლივი თამაშები წყალში. წყალი ირეკლავს მზის სხივებს და აძლიერებს მათ ზემოქმედებას კანზე.
მზის დამწვრობის მთავარი პრობლემა გვიან გამოვლენილი სიმპტომატიკაა. ისინი არ ჩნდებიან დაუყოვნებლივ, არამედ საღამოს ან თუნდაც მეორე დღეს (ჩვეულებრივ, დასხივებიდან 4-6 საათის შემდეგ).
ეს სიმპტომებია: კანის სიწითლე, წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება დაზიანებულ ადგილებში, გართულებულ შემთხვევაში ბუშტუკების გაჩენა და ღებინება. ბავშვი გრძნობს სისუსტეს ან, პირიქით, მოუსვენრობას, სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს. ამ შემთხვევაში ბავშვთა იბუპროფენი, პარაცეტამოლი ან სხვა სიცხის დამწევი საშუალება დაგეხმარებათ.
მზის დამწვრობის დროს პირველი დახმარება ბავშვის ჩრდილში გადაყვანა, კანის გაგრილება და ტენიანობის დაკარგვის შეჩერებაა: მიეცით რაიმე დასალევი, უმჯობესია ბუნებრივი წყალი, დაადეთ ცივი კომპრესი სხეულის დაზიანებულ უბნებზე. წაუსვით სამკურნალო საშუალება კორტიკოსტეროიდებით (გელი ან ლოსიონი, მაგრამ არა მალამო – ცხიმიანი პროდუქტები ქმნის გარსს კანზე და იწვევს ტემპერატურის მატებას), მაგალითად, Fenistil გელი (გამოიყენება ორი თვის ასაკიდან), ან Advantan ემულსია (ექვსი თვიდან). თუ ამ საშუალებებს წაუსვამთ დამწვრობიდან პირველ საათებში, ამით მნიშვნელოვნად შეამსუბუქებთ ბავშვის მდგომარეობას.
ნებისმიერი ნაზი დამატენიანებელი შეაჩერებს კანიდან სითხის აორთქლებას, მაგრამ არ შეიძლება ამის შემდეგ მზისგან დამცავი კრემის ან ზეთის გამოყენება, რადგან ისინი (და ზოგადად ნებისმიერი ზეთი) მხოლოდ ანელებს შეხორცებას.
ბავშვი უნდა მოარიდოთ მზეს დამწვარ ადგილებზე სიწითლის გაქრობამდე. ამ პერიოდში უმჯობესია შეურჩიოთ მას ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული მსუბუქი, თავისუფალი და რბილი ტანსაცმელი.
თუ, მიუხედავად ყველა მცდელობისა, ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 6 საათის შემდეგ, თუ სიცხის დამწევი საშუალებები არ მოქმედებს და ტემპერატურა აგრძელებს მატებას, ან თუ შეწითლებულ ადგილებზე ბუშტუკები გაჩნდება, გამოიძახეთ ექიმი ან სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
საუკეთესო გამოსავალია, გაითვალისწინოთ სპეციალისტების რჩევები და მოარიდოთ ბავშვები მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.