მზის სხივების სარგებლობისა და ზიანის შესახებ ბავშვებისთვის

მეტნაკლებად ყველამ იცის მზისა და ულტრაიისფერი სხივების ზომიერი დოზით სარგებლობის შესახებ. ამომავალი მზე გვეხმარება გამოფხიზლებაში. მზის სხივები ძლიერ მასტიმულირებელ გავლენას ახდენს მეტაბოლურ პროცესებზე.
ზომიერად მზის აბაზანები აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ეს არის რაქიტის შესანიშნავი პროფილაქტიკა, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ რეაქციებს და კვებავს კანს. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას კანში შემავალი სპეციალური უჯრედების შიგნით ხდება ვიტამინი D-ს აქტივაცია და მისი გარდაქმნა ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელ აქტიურ ფორმაში, რაც ხელს უწყობს კალციუმის ნორმალურ შეწოვას და ძვლის ჩონჩხის ზრდას.
მზის სხივებს, გარდა ულტრაიისფერი სპექტრისა, აქვს ინფრაწითელი სპექტრიც. ეს სხივები იწვევს კანის ზედა ფენების გათბობას, აღწევენ სხეულში ორი-სამი სანტიმეტრის სიღრმეზე, რაც ეხმარება მათ აქტიურ ურთიერთქმედებაში კანის ქსოვილებთან და სისხლძარღვებთან. შედეგად ხდება მათი გაფართოება და მომატებული სისხლის მიმოქცევა კანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მიდამოში. სისხლის მიმოქცევის გააქტიურების შედეგად ადგილი აქვს კანში მეტაბოლიზმის გააქტიურებას და მისგან თავისუფალი რადიკალების, ჟანგვის პროდუქტებისა და ტოქსინების გამოყოფას. კანი ოფლიანდება და გამოყოფს ტოქსინებს.
ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება, რა თქმა უნდა, საშიშია, რადგან ბავშვებში კანი განსაკუთრებით ნაზი და თხელია და მასში მელანინის წარმოქმნის პროცესები არასრულყოფილია, ამიტომ მზის პირდაპირი ზემოქმედება მათთვის სახიფათოა!
რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით ნაკლებად უნდა იყოს ის მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში კანს უფრო კარგი რეგენერაციის უნარი გააჩნია უფროსებთან შედარებით, კანის დამცავი ბუნებრივი ბარიერი მაინც დაბალია. ამიტომ ბავშვების კანი ძალიან მგრძნობიარეა ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო არასრულყოფილია მისი თერმორეგულაცია და ოფლის გამოყოფის პროცესი. ამიტომ მზეზე ადვილად გადახურდებიან ხოლმე, ხოლო ზღვაში ან მდინარეში ბანაობისას კი პირიქით – გადაცივდებიან.
იმისათვის, რო, ბავშვებმა მზისგან მხოლოდ სარგებელი მიიღონ, აუცილებელია მკაცრი მონიტორინგი მათი მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს.
მზის სხივების ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა უფროსებისთვისაც კი საზიანოა, მის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე 5-7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი შეიძლება საშიშიც იყოს ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ბავშვების სხეულის სხვადასხვა უბნები განსხვავებულად მგრძნობიარეა: სახე, ფეხები და ხელები, რომლებიც თითქმის ყოველთვის ღიაა, მეტად უძლებს მზის ზემოქმედებას. მაგრამ ზურგი, ბეჭები, მუცელი, მკერდი და კისერი უფრო მგრძნობიარეა, კანი იქ უფრო თხელი და ნაზია, ამიტომ როგორც წესი, პირველად ეს მიდამოები “იწვება” მზეზე.
თავდაპირველად 10-15 წუთიც საკმარისია მზის დამწვრობის მისაღებად. ამიტომ, ძალიან ფრთხილად იყავით ბავშვების სანაპიროზე გაყვანისას.
დამწვრობის გარდა ბავშვს შეიძლება განუვითარდეს გადახურება, მზის დარტყმა, მზის ალერგია.
გაითვალისწინეთ პედიატრების და სპეციალისტების რეკომენდაციები, რომ მზის სხივების ზემოქმედება მხოლოდ სასარგებლო იყოს თქვენი პატარებისთვის!