რატომ არ მიდის ბავშვი ბებია-ბაბუასთან

მშობლები სასიამოვნოდ იხსენებენ დროს, როდესაც ისინი ბებიასთან და ბაბუასთან რჩებოდნენ ზაფხულის არდადეგებზე ან შაბათ-კვირას და იმედოვნებენ, რომ საკუთარი შვილების შემთხვევაშიც ასე იქნება. მაგრამ, ზოგჯერ ბავშვები კატეგორიულ უარს ამბობენ ხანდაზმულ ნათესავებთან დარჩენაზე.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- დისტანცია – საბავშვო ბაღის აღმზრდელი ან ძიძა, რომელსაც ბავშვი ყოველდღე ხედავს, შეიძლება ბევრად უფრო ახლოს იყოს მასთან, ვიდრე ბებია-ბაბუა, რომლებსაც თვეში ერთხელ ნახულობს. შეეცადეთ, რომ უფრო რეგულარულად იაროთ მათთან, მოიწვიეთ ისინი თქვენს სახლში ან გამოიყენეთ ვიდეო ზარი, თუ თქვენი მშობლები შორს ცხოვრობენ. ეს დაეხმარება ბავშვს, უფრო ახლოს იყოს მათთან;
- უცნობი გარემო – მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ჩვეული გარემოს შეცვლა სტრესულია. თუ შვილს ბებია-ბაბუასთან დატოვებთ მარტო, თქვენს გარეშე, შემდგომი ასეთი ვიზიტი შეიძლება გააპროტესტოს. შეეცადეთ, შექმნათ მისთვის ნაცნობი გარემო ბებია-ბაბუას სახლში, მაგალითად, წაიღეთ საყვარელი სათამაშოები, წიგნები, ტანსაცმელი. ეს გაუადვილებს ბავშვს ადაპტაციას.
- აღზრდის სხვადასხვა სტილი – მიუხედავად იმისა, რომ ბებია-ბაბუას ძალიან უყვართ შვილიშვილები, ისინი ხშირად სარგებლობენ ძველი აღზრდის მათოდებით. თუ ბავშვი მიჩვეულია უფრო დემოკრატიულ წესებს, მაშინ ბება-ბაბუის კატეგორიულმა მოთხოვნებმა შეიძლება გამოიწვიოს პროტესტი.
- საზღვრების დარღვევა – ზოგჯერ ბებია-ბაბუა დაჟინებით გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს. შეიძლება ჩაეხუტონ ან აკოცონ ბავშვს მისი ნების საწინააღმდეგოდ. ან მოითხოვონ, რომ ბავშვმა აუცილებლად გამოხატოს სიყვარული მათ მიმართ. ბავშვებმა შეიძლება გააპროტესტონ ეს დაჟინებული მოთხოვნები და ამის გამო მათთან განმეორებით სტუმრობაზე უარი თქვან. აუხსენით ბებია-ბაბუას, რომ ბავშვის პირადი საზღვრების პატივისცემა მათი უსაფრთხოებისა და თავდაჯერებულობის გასაღებია;
- კრიტიკა – უფროს ნათესავებთან სტუმრობისას ბავშვმა შეიძლება ხშირად გაიგოს მის მიმართ კრიტიკა და საყვედური, მაგალითად, „არაფერს აკეთებ“, „არაფერი არ გაინტერესებს“ და სხვა. კომუნიკაციის ეს ფორმა ბავშვს თრგუნავს და ის ყველანაირად ცდილობს სხვა დროს ასეთი სიტუაციიდან თავის დაღწევას;
- ფიზიკური ძალადობა – სამწუხაროდ, ზოგიერთ ოჯახში ფიზიკური დასჯა ნორმად ითვლება. თუ ეს არ არის მიღებული მშობლების ოჯახში, მაგრამ ბებია-ბაბუას ამის გაკეთება შეუძლია, მაშინ სავსებით ბუნებრივია, რომ ბავშვს აღარ მოუნდეს მათთან სტუმრობა;
- სიბერის შიში – ბავშვებს შეიძლება გაუჩნდეთ სიბერის შიში სხვადასხვა ფიზიოლოგიური გამოვლინებების გამო: განსხვავებული სუნი, ავადმყოფობაზე ხშირი საუბრები, მედიკამენტების სიჭარბე მათ სახლში, ხმამაღალი ხვრინვა და სხვა. ამ მიზეზების გამო ბავშვებს შეიძლება ეშინოდეთ ბებია-ბაბუასთან მისვლის. მნიშვნელოვანია, აუხსნათ ბავშვს მისი გაგების დონეზე, რატომ ხდება ასე;
- მოწყენილობა – მეგობრების, აქტივობებისა და საყვარელი გაჯეტების ნაკლებობა ბებია-ბაბუას სახლში ნამდვილად არ აღძრავს სადმე წასვლის სურვილს. ამ შემთხვევაში, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი შვილის დასვენების გამრავალფეროვნება ბებია-ბაბუასთან სტუმრობისას. შესაძლოა, ბაბუასთან ერთად თევზაობა ან საინტერესო გადაცემების (მაგალითად, ფეხბურთის) ყურება, ან ბებიასთან ერთად კერძების/ორცხობილების მომზადება, შესანიშნავი თავგადასავალი აღმოჩნდეს, რომელიც ახალ შთაბეჭდილებებს გამოიწვევს პატარებში.
რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, რატომაც ბავშვი უარს ამბობს ბებიასთან და ბაბუასთან სტუმრობაზე. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ბავშვის ქცევაში ცვლილებებს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ მათ დროულად დაეხმარონ, ასევე შეინარჩუნონ კარგი ურთიერთობა თაობებს შორის.