fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

როგორ გავათავისუფლოთ ძიძა

როგორ გავათავისუფლოთ ძიძა-მშობელი

დაქირავებულ ძიძას აუცილებლად მოუწევს ერთ დღეს თქვენი ოჯახის დატოვება. ბავშვები იზრდებიან ძიძის ხელში და რამდენი ხანიც უნდა დაგჭირდეთ მისი მომსახურება, ბავშვები დიდები ხდებიან და ყველა დავალებას თავად გაუმკლავდებიან.

მაგრამ ყველა ძიძასთან ურთიერთობა იოლად არ მთავრდება. ზოგჯერ მშობლების ბიუჯეტი აღარ იძლევა მისი მომსახურების საფასურის გადახდის საშუალებას. შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ბავშვის ბაღში წაყვანაზე, ან ბებიის დახმარებაზე, ან სკოლაში გახანგრძლივებულში დატოვებაზე, ან ერთ-ერთი მშობლის სამსახურიდან წამოსვლაზე, რის გამოც ძიძას ახალი სამსახურის პოვნა უწევს. ზოგჯერ ძიძას ემშვიდობებით იმიტომ, რომ აღარ ენდობით მას,  ან თავად ძიძა ტოვებს სამსახურს თავისი ნებით (დაიღალა, ან უფრო მაღალანაზღაურებადზე გადადის) და სხვა.

ძიძას შეგიძლიათ დაემშვიდობოთ, როგორც კარგ მეგობარს ან მოსისხლე მტერს. თუ ძიძას არ გაუკეთებია ისეთი რამ, რაც მოითხოვს მის დაუყონებლივ გათავისუფლებას (მაგალითად, ქურდობა, ფიზიკური ძალადობა ბავშვზე ან მისი საფრთხის ქვეშ დაყენება), თქვენ უნდა დაიცვათ შემდეგი წესები მასთან გამომშვიდობებისას:

1. აცნობეთ თქვენს შვილს, რომ თქვენს ოჯახს აღარ სჭირდება ძიძა. უფროსი ბავშვები ასეთ ამბებს სევდით აღიქვამენ, მაგრამ დიდი შფოთვის გარეშე. შეგიძლიათ ბავშვებს შესთავაზოთ გამოსამშვიდობებელი რიტუალი: საღამო ტკბილეულით, ბავშვის ხელით გაკეთებული სამახსოვრო საჩუქრის პრეზენტაცია. შესაძლოა, მომავალში ბავშვმა მოინდომოს მისი ნახვა, რასაც ხელი არ უნდა შეუშალოთ. უმჯობესა, თუ მეგობრებად დაშორდებით;

2. წინასწარ აცნობეთ ძიძას მისი გათავისუფლების შესახებ. გაფრთხილების პერიოდი ორი კვირიდან ორ თვემდე უნდა მერყეობდეს. ამ დროის განმავლობაში ძიძას მოუწევს ახალი სამსახურის ძებნა, ამიტომ აღარ დააყოვნოთ, ის შესაძლოა გასაუბრებაზე მიდიოდეს. წინასწარ შეთანხმდით, რას გააკეთებთ, თუ ის სამუშაოს დათქმულ დროზე ადრე იპოვის: იმუშავებს ბოლომდე თუ წავა მეორე დღესვე. ბევრ მშობელს ეშინია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ძიძა დაიწყებს თავისი მოვალეობების უგულებელყოფას. თუ გაქვთ ამის საფუძველი, ენდეთ თქვენს ინტუიციას – მაშინვე დაემშვიდობეთ მას!

3. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში დამსაქმებლები ძიძას უხდიან ორკვირიან ანაზღაურებას. რა თქმა უნდა, თუ თვის გადახდას შეძლებთ, ძიძა მადლობელი დაგრჩებათ და ის თქვენი მეგობარი იქნება ყოველთვის;

4. თუ კმაყოფილი ხართ თქვენი ძიძის მუშაობით, მოამზადეთ მისთვის სარეკომენდაციო წერილი. მისი დადებითი თვისებების დეტალური აღწერით თქვენ დაეხმარებით სხვა მშობლებს, რომლებსაც ძიძა სჭირდებათ. ასეთი წერილი იწერება კონკრეტული პირის მიმართვის გარეშე, ნებისმიერი ფორმით. აღწერეთ, რა წარმატებას მიაღწია თქვენმა შვილმა ძიძასთან ერთად და ძიძის წასვლის მიზეზი. არ დაგავიწყდეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემების დატოვება: შესაძლოა მომავალ დამსაქმებელს მოუნდეს დაგირეკოთ და უფრო დეტალურად გამოგკითხოთ ძიძის შესახებ;

თუ რაიმეთი უკმაყოფილო ხართ ძიძის საქმიანობაში, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეცადეთ სიტუაციის გამოსწორებას გულწრფელი საუბრით – ძიძამ ალბათ არ იცის მისი მინუსის შესახებ, რაც მის კარიერას საფრთხის ქვეშ აყენებს. თუ დალაპარაკებამ არ უშველა, შეგიძლიათ მოიძიოთ დამაჯერებელი მიზეზი, თუ რატომ აღარ გჭირდებათ მისი მომსახურება:

– ოჯახის ბიუჯეტი შემცირდა და ხელფასს ვეღარ გადაუხდით;

– სხვა რაიონში გადადიხართ საცხოვრებლად;

– თქვენთან საცხოვრებლად/დასახმარებლად გადმოდის ბებია-ბაბუა ან სხვა ნათესავი (დეიდა, ბიძაშვილი და ა.შ.), რომელიც თანახმაა ბავშვის მოვლაზე უფასოდ;

– გინდათ ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა და ა.შ.

მას შემდეგ, რაც ძიძას კარგ ნოტაზე დაემშვიდობებით, აუცილებლად შეინარჩუნეთ მასთან ურთიერთობა. თქვენ არ იცით, რას მოგიტანთ მომავალი, შესაძლოა, ერთ მომენტში კვლავ სასწრაფოდ დაგჭირდეთ მისი დახმარება ან სთხოვოთ, სხვას გაუწიოს რეკომენდაცია.

იყავით კეთილგანწყობილი, მითუმეტეს თუ ძიძა ბავშვისთვის საყვარელი ადამიანი იყო!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *