fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

როგორ იქცევით, თუ თქვენს შვილს აქვს სახსრების ტკივილი?

როგორ იქცევით, თუ თქვენს შვილს აქვს სახსრების ტკივილი?-მშობელი

მშობლებმა უნდა იცოდნენ ყველაფერი სახსრების ტკივილის შესახებ და რა შემთხვევაშია აუცილებელი ბავშვის ექიმთან მიყვანა.

თუ თქვენმა შვილმა ღამით გაიღვიძა მუხლების ტკივილით, ან აღნიშნავს მტკივნეულობას მკლავებში და ფეხებში და ამასთანავე გამორიცხავთ რაიმე ტრავმას, დაზიანებებს ან სისხლჩაქცევებს, ნუ ჩავარდებით მაშინვე პანიკაში. ჩვენ აგიხსნით, როგორ განასხვავოთ აქტიურ ზრდასთან დაკავშირებული ტკივილები საშიში დაავადებებისგან.

შეიძლება თუ არა გამოიხატოს სახსრების ტკივილი ბავშვებში, თუ დაზიანებები არ არის?

დიახ, შეიძლება! სახსრების ტკივილი ხშირად ვლინდება აქტიური ზრდის პერიოდში. ტკივილი შეიძლება იყოს რეგულარულიც კი, მაგრამ ყოველთვის არ საჭიროებს მედიკამენტებით მკურნალობა. ასევე არსებობს უფრო სერიოზული მიზეზები, როგორიცაა ართრიტი ან კისტა. ასეთი დიაგნოზის შემთხვევაში სამედიცინო ჩარევის გარეშე დახმარება შეუძლებელია.

მიაქციეთ ყურადღება, დღის რომელ მონაკვეთში და რა ვითარებაში დაეწყო ბავშვს სახსრების ტკივილი. თუ დღისით აქტიური იყო, არაფერს უჩიოდა და საღამოს ან ღამით ტკივილს გრძნობდა, ეს სავარაუდოდ აქტიური ზრდის ტკივილებია. ბავშვებში ასეთი ჩივილები ძირითადად იწყება სამიდან ხუთ წლამდე და ცხრადან თორმეტ წლამდე პერიოდში. ზრდასთან დაკავშირებული ტკივილები სახსრებში იწყება მაშინ, როდესაც ბავშვი მშვიდადაა.

რატომ ხდება ასე?

ექიმები ამ ფენომენს ხსნიან ძვლების, სახსრების კაფსულების, ხრტილისა და მყესების არათანაბარი ზრდით. ტკივილი ჩნდება, როდესაც ძვლის ზრდა დროში უსწრებს მყესების ზრდას. მყესების დაჭიმულობა იწვევს დისკომფორტს ფეხების და ბარძაყის კუნთებში ან მუხლის სახსრების მიდამოში. საინტერესოა, რომ ზედა კიდურების ტკივილი იმავე მიზეზით ძალიან იშვიათია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზრდასთან დაკავშირებული ტკივილების დროს არ უნდა ქონდეს ადგილი სახსრების მიდამოში სიწითლეს, მოძრაობის შეზღუდვას ან მაღალ სიცხეს. ასეთის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მაშინაც კი, თუ სახსრების ტკივილი არ არის საშიში, მშობლებს არ უნდათ, რომ მათმა შვილმა თავი ცუდად იგრძნოს. როგორ შეიძლება დახმარება?

სახსრების ტკივილის შემცირებაში ბავშვს დაეხმარება ძილის წინ მყესების მარტივი გაჭიმვის ვარჯიშები. სთხოვეთ პატარას, ხელებით მიეყრდნოს კედელს, მოხაროს ხელები იდაყვის სახსარში და დაიხაროს წინ (კედლისკენ) ისე, რომ ქუსლები იატაკიდან არ ასწიოს და გაიჭიმოს. გაიმეოროს ეს ვარჯიში რამოდენიმეჯერ. თუ ტკივილი ბავშვს ღამით აღვიძებს, მტკივნეული ადგილების მსუბუქი მასაჟი და დამამშვიდებელი საუბარი დაეხმარება მას. შეგიძლიათ მტკივნეულ ადგილზე დაადოთ თბილი სათბურები, ან ჩააცვათ გამთბარი წინდები.

თუ ტკივილი შემსუბუქდა, მაგრამ არ გაქრა, მიიღეთ დამატებითი ზომები:

იბუპროფენი ან პარაცეტამოლი ბავშვის ასაკის შესაბამისი დოზით ნამდვილად შეამცირებს ტკივილს. თუ ბავშვი სახსრების ტკივილის გამო რეგულარულად იღვიძებს ღამით, უმჯობესია მას ეს მედიკამენტები მისცეთ ძილის წინ. ექიმი ზუსტად გეტყვით რამდენ დღეში ერთხელ და რა დოზით უნდა მიიღოს ბავშვმა წამალი. კიდევ ერთი ვარიანტია იბუპროფენზე დაფუძნებული გელის წასმა მტკივნეულ ადგილზე. ის ხსნის ანთებას და ტკივილს. თუ მარტივი და სიმპტომური მკურნალობის მეთოდები 5-7 დღის განმავლობაში არ დაეხმარება ბავშვს, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

ტკივილი დილით ან მთელი დღის განმავლობაში კარგი მიზეზია პედიატრთან ან სპეციალისტთან საკონსულტაციოდ მისასვლელად. შესაძლოა პატარა პაციენტს დასჭირდეს სისხლში კალციუმის დონის შემოწმება – ძვლის ზრდა და სიმკვრივე დამოკიდებულია ამ ქიმიურ ელემენტზე. D ვიტამინის კონცენტრაციის შემოწმებაც ურიგო არ იქნება – ის პასუხისმგებელია კალციუმის მეტაბოლიზმის რეგულირებაზე და წარმოდგენილია ორი ძირითადი ფორმით: ქოლეკალციფეროლით (ვიტამინი D3) და ერგოკალციფეროლით (ვიტამინი D2). პირველს სხეული თავად აწარმოებს, მეორეს კი საკვებიდან იღებს. D ვიტამინის ნაკლებობა სწრაფად მზარდ მცირეწლოვან ბავშვებში იწვევს რაქიტს, ძვლებისა და ნერვული სისტემის დაავადებას, რომელიც გამოწვეულია მეტაბოლური დარღვევებით.

რა ხდება მაშინ, თუ ვიტამინი D-ს  და კალციუმის შემცველობა სისხლში ნორმალურია? კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ტკივილი ბავშვებში?

ბავშვებში სახსრების ტკივილის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ართრიტი. ის იწვევს ხრტილის განლევას და ავიწროებს სივრცეს სასახსრე ზედაპირებს შორის. ართრიტი ხშირად ვლინდება კოჭლობით და სახსრების შეწითლებით. უფროსი ასაკის ბავშვებში ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს კისტითაც, რომელიც იწვევს ძვლის ანთებას. ძვლის და სახსრების სერიოზული დაავადებების დიაგნოსტიკისათვის მხოლოდ ექიმთან გასაუბრება საკმარისი არ არის. დიაგნოსტიკისათვის მთელი რიგი სამედიცინო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებაა საჭირო.

და ბოლოს, სახსრების ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ამოუცნობი ტრავმით (მათ შორის სპორტის დროს).

ასე რომ, თუ თქვენი ბავშვი სისტემატიურად უჩივის სახსრების ტკივილს, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ პედიატრს, ორთოპედს ან პედიატრ-კარდიორევმატოლოგს. შესაძლოა, ექიმმა გააქარწყლოს თქვენი ეჭვები და დაგამშვიდოთ, რომ ტკივილები დაკავშირებულია ზრდასთან, მაგრამ სერიოზული ავადმყოფობის შემთხვევაში, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია დანიშნოს ყოვლისმომცველი გამოკვლევა სწორი დიაგნოზის დასასმელად, ასევე შეგიქმნათ თქვენი ბავშვის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა.

იყავით ყურადღებიანი თქვენი შვილის მიმართ და იყავით ჯანმრთელი!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *