სახანძრო უსაფრთხოების წესები ბავშვებში

არის სიტუაციები, როდესაც გარემოებათა გამო გიწევთ ბავშვი გარკვეული ხნით სახლში მარტო დატოვოთ.
აუცილებელია, გამოირიცხოს ბინაში ხანძრის, წყალდიდობის და სხვა „სტიქიების“ მცირედი შესაძლებლობაც კი. ბავშვს არ უნდა ეშინოდეს მარტო დარჩენის და მოწყენილობის.
თუ თქვენმა ბავშვმა უკვე იცის ტელეფონის გამოყენება, დაწერეთ ფურცელზე საჭირო ადამიანების ან სამსახურების საკონტაქტო ნომრები და მიამაგრეთ თვალსაჩინო ადგილას. უმჯობესია, დააპროგრამეთ ტელეფონი, რომ ავტომატურად აკრიფოს საჭირო ნომრები ღილაკზე თითის დაჭერით. მთავარია, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვმა დამოუკიდებლად დაურეკოს ოჯახის წევრს, სანდო ადამიანს ან ნაცნობს, რომელიც დაამშვიდებს მას და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო ზომებს მიიღებს.
სასარგებლო იქნება ბავშვებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო წესების დამახსოვრება:
- ასანთი, სანთებელა, აალებადი სითხეები (აცეტონი, ბენზინი, ალკოჰოლი და სხვ.) უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას;
- ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ელექტრო და გაზის ტექნიკა მოზრდილების მეთვალყურეობის გარეშე;
- შუშხუნები და სანთლები ასევე შეიძლება ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდეს. ამიტომ, გადამალეთ ისინიც.
ხშირად შეახსენეთ თქვენს შვილებს ხანძარსაწინააღმდეგო წესების შესახებ, ასევე, როგორ მოიქცნენ ხანძრის ან დაკვამლიანების დროს:
- თუ ეს შესაძლებელია, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ბინა და მიაკითხონ მეზობელს;
- თუ თვითონ ვერ ახერხებენ, დაურეკონ მშობლებს ან ნათესავებს, რომელთა ტელეფონის ნომერიც იციან და სთხოვონ 112-თან დაკავშირება (ზოგჯერ ბავშვის ზარს ხუმრობად აღიქვამენ ხოლმე);
- თუ შეუძლებელია ბინის დატოვება, დაუყოვნებლივ უნდა გავიდნენ აივანზე ან ბუხრისგან ყველაზე დაშორებულ ოთახში, მჭიდროდ დახურონ კარი და დაურეკონ ზრდასრულს ან დაუძახონ ვინმეს დახმარებისთვის;
- თუ კვამლი შემოდის კიბის უჯრედიდან, არავითარ შემთხვევაში არ გააღონ კარი, არამედ დაურეკონ უფროსებს ან გავიდნენ აივანზე, მჭიდროდ დახურონ კარი და ითხოვონ დახმარება;
რა თქმა უნდა უფრო მშვიდი და უსაფრთხოა, თუ პატარას მარტო არ დატოვებთ სახლში და თან წაიყვანთ. ან სთხოვთ მეგობარს/ნათესავს და მათთან დატოვებთ ცოტა ხნით.
თუ ეს მცდელობები უშედეგოა, მაშინ, როგორც ბოლო გამოსავალი, უნდა დააყენოთ ბინაში ვიდეოთვალი და უწყვეტად აკონტროლოთ ბავშვის ქცევები ონლაინ რეჟიმში.
რა თქმა უნდა, ყველაფრისგან დაზღვევა არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ, მშობლები, ვალდებულნი ვართ, ბავშვის დასაცავად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია.